ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ მან გერმანულ მაუწყებელს, ZDF-ს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი სერიოზულად არის განწყობილი, აღკვეთოს რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდება. „სანქციების მე-11 პაკეტში შეყვანილია 90-ზე მეტი კომპანია მთელი მსოფლიოდან. მათთანდაკავშირებით გვაქვს მკაფიო მტკიცებულებები, რომ ისინი სანქციებს არღვევენ და ევროკავშირიდან რუსეთში სანქცირებული პროდუქცია ჩააქვთ მესამე ქვეყნებიდან“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ამ კომპანიებს შორის დაახლოებით რვა ჩინეთშია რეგისტრირებული.
„ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ ჩინური კომპანიები. ეს კომპანიები, ნაწილობრივ ქაღალდზე არსებობენ და ჰყავთ მფლობელები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან არიან. თუმცა, ისინი რეგისტრირებული არიან ჩინეთში“, - განაცხადა ურსულა ფინ დერ ლაიენმა.