სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შვილის - აშოტის გატაცების მცდელობის ბრალდებით ყარაბაღის 44-დღიან ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
როგორც მედიას ადვოკატმა განუცხადა, დაკავებულები შენგავიტის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც მანამდე, ფაშინიანების ოჯახის კუთვნილი გაზეთი „აიკაკან ჟამანკი“ წერდა, დღეს, პრემიერ-მინისტრის შვილის აშოტ ფაშინიანის გატაცება სცადეს.
„წინასწარი ინფორმაციით, გატაცების მონაწილეები საზოგადოებრივი ორგანიზაცია „შვილების ძახილის“ წევრები არიან, რომლებმაც აშოტ ფაშინიანი ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს. რაღაც მომენტში პრემიერის შვილმა მანქანიდან გადახტომა მოახერხა. რის შემდეგაც მას უკან მიმავალი მანქანა დაეჯახა. ორგანიზაციის წევრები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავად აშოტ ფაშინიანმა სამართალდამცველებს მიმართა“, - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.