თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა არჩევნებში მისი კონკურენტის, თურქეთის პრეზიდენტობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერის, ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადება, რომ რუსეთი თურქეთის არჩევნებში ერევა
ერდოღანის თქმით, რუსეთი თურქეთის მოკავშირეა, მისი კონკურენტი კი დასავლეთისგან იღებს დავალებებს.
"რა თქვა კრემლის სპიკერმა? პესკოვმა თქვა, რომ ის [ქილიჩდაროღლუ] იტყუება, ახსნა-განმარტება და მტკიცებულება სჭირდება". - თქვა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, ბაიდენმა მისი გადაგდების განკარგულება გასცა.
"ვიცი, ბაიდენმა გასცა განკარგულება - ერდოღანი უნდა გადავაგდოთ! ჩემმა ხალხმაც იცის. ხვალ კი საარჩევნო ბიულეტენები ბაიდენსაც საკადრის პასუხს გასცემენ". - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ქემალ ქილიჩდაროღლუმ Twitter-ზე გამოქვეყნა პოსტი, რომელშიც რუსეთს მოუწოდა არ ჩაერიოს თურქეთის არჩევნებში.
კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესაძლებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.
"ოფიციალურად ვამბობთ, რომ რაიმე სახის ჩარევაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს მიაწოდა ასეთი ინფორმაცია, მაშინ ისინი მატყუარები არიან", – აღნიშნა პესკოვმა.