ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სამშაბათს, 9 მაისს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა განაცხადა.
"[ევროკომისიის] პრეზიდენტი ხვალ იქნება კიევში, სადაც შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერას. ეს ვიზიტი გაიმართება ევროპის დღეს და ამ კონტექსტში, ჩვენ გულწრფელად მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღე აღინიშნოს". – თქვა მამერმა.
შეგახსნებთ, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავენ, 9 მაისს კი ევროპის დღე აღინიშნება, ისე როგორც ეს ევროპაშია.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან უკვე მიმართა უმაღლეს რადას და 8 მაისის ხსოვნისა და გამარჯვების დღედ გამოცხადება ოფიციალურად მოითხოვა, ხოლო 9 მაისს აღინიშნება ევროპის დღე.