რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავეს კაცი, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს რუსი პროპაგანდისტის ზახარ პრილეპინის ავტომობილის აფეთქებასთან. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავდა პრილეპინი, ერთი ადამიანი კი დაიღუპა.
როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებული წარსულში ნასამართლევი იყო. მისი შესაძლო თანამზრხველების ძებნა გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსულ სააგენტოს განუცხადეს, რომ მათთვის ცნობილია ამ პირების საცხოვრებელი ადგილების მისამართები.
მათივე თქმით, დადგენილია საცხოვრებელი ბინა მოსკოვთან ახლოს, სადაც შესაძლოა, დამზადებული ყოფილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ტელეგრამ-არხის, 112-ის ინფორმაციით, დაკავებული წარმოშობით უკრაინიდანაა, მან ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
პრილეპინის პრესსამსახურის განცხადებით, აფეთქების შედეგად, დაიღუპა პროპაგანდისტის თანამოაზრე, ბატალიონ „ოპლოტის“ თანამშრომელი ალექსანდრ შუბინი.