ანექსირებულ სევასტოპოლში 29 აპრილს ნავთობის 10-ზე მეტი ავზი განადგურდა, მათი საერთო მოცულობა 40 ათას ტონაზე მეტი იყო.
ამის შესახებ უკრაინულ მედიას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განუცხადა.
მისი განმარტებით. ნავთობპროდუქტები რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საჭიროებისთვის იყო განკუთვნილი.
სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას მან ღვთის სასჯელი უწოდა, მათ შორსი უმანში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვისთვის. „ეს სასჯელი იქნება ხანგრძლივი, დროებით ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლები სასურველია არ იმყოფებოდნენ სამხედრო ობიექტებთან ახლოს, ასევე იმ ობიექტებთან, რომლებიც ამარაგებს აგრესორის არმიას“, - განაცხადა იუსოვმა.
შეგახსენებთ, უმანში რუსეთის სარაკეტო დარყტმას 28 აპრილს 23 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი ბავშვი.
ანექსირებულ სევასტოპოლში გამთენიისას აფეთქება მოხდა, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა ნავთობის ბაზაზე. ოკუპანტების თქმით, ხანძარი 1000 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მომხდარში უკრაინული მხარე დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ხანძარი უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა.
ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მას სირთულის ყველაზე მაღალი - მეოთხე დონე მიენიჭა. მის ჩაქრობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რესურსებიც ჩაერთო.