რუს ჟურნალისტებს, რომლებსაც ნიუ იორკში, 24 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭოში სერგეი ლავროვის ხემძღვანელობით რუსეთის მიერ ინიცირებულ თემაზე დაგეგმილი ღია დებატები უნდა გაეშუქებინათ, ამერიკის ვიზები არ მისცეს. ამასთან დაკავშირებით მოსკოვი საპასუხო ზომებით დაიმუქრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აღნიშნულ ფაქტს აღმაშფოთებელი და მიუღებელი უწოდა.
„მორიგი აღმაშფოთებელი, აბსოლუტურად მიუღებელი მეთოდი გამოიყენეს ამერიკელებმა ღონისძიების მომზადებისას, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობს და რომლითაც სრულდება რუსეთის თავმჯდომარეობა გაეროს უშიშროების საბჭოში. ჟურნალიტებს, რომლებიც ლავროვთან ერთად უნდა გამგზავრებულიყვნენ, ვიზები არ მისცეს, მათ შორის ბოლო მომენტამდე არაფერი გვაცნობეს. ამერიკელები ისე იქცეოდნენ, რომ თითქოს მუშაობდნენ {ვიზების გაცემის საკითხზე} და გადაწყვეტილება წუთი-წუთზე უნდა მიეღოთ“, - განაცხადა რიაბკოვმა.
მისი თქმით, ეს არის ნერვებზე თამაში და დაცინვა.
„ხაზს ვუსვამ, ჩვენ ვიპოვით ფორმებს, თუ როგორ ვუპასუხოთ, ისე რომ ამერიკელებს ეს დიდხანს დაამახსოვრდეთ“, - განაცხადა რიაბკოვმა.
თავად ლავროვმა კი განაცხადა: „არ დავივიწყებთ, არ ვაპატიებთ“.