ამერიკელმა სამხედროებმა ხართუმიდან ამერიკელი დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია განახორციელეს. ინფორმაციას თავად ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს.
ინფორმაცია დაადასტურა სუდანის გასამხედროებულმა დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმაც“ (RSF).
გავრცელებული ინფორმაციით, სუდანი 100-მდე ამერიკის მოქალაქემ სამი ვერტმფრენით დატოვა.
ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიგით მეორე ევაკუაცია ხართუმიდამ. 22 აპრილს 150-ზე მეტი მოქალაქე, დიპლომატი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომელი საზღვაო გზით საუდის არაბეთის პორტ ჯედაში გაიყვანეს. საუბარია ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეებზე.
სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება უკვე მეორე კვირაა გრძელდება. იმის მიუხეადავად, რომ მხარეები - არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ შეთანხმდნენ სამდღიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე, სუდანის დედაქალაქში გრძელდება დაპირისპირება. საბრძოლო მოქმედებისას მხარეები აქტიურად ახორციელებენ ავიადარტყმებს.
სუდანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიამ ალ-მაჰდიმ, რომელიც ხართუმში იმყოფება BBC-ის განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეები არ იცავენ. მისი თქმით, ხართუმში, ბოლო 24 საათის განმავლობაში არ არის ელექტროენერგია, წყალი კი დედაქალაქს უკვე 6 დღეა არ მიეწოდება. მისივე თქმით, სამედიცინო ბრიგადები სამხედროების სამიზნეა, ქუჩები კი სავსეა ცხედრებით.