სუდანის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სუდანიდან განხორციელდება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-სა და ჩინეთის დიპლომატებისა და სხვა მოქალაქეების ევაკუაცია. იუწყება BBC
დღეს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადს,რომ ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს ხართუმში მყოფ თავის მოქალაქეებსა და დიპლომატიურ პერსონალს.
მანამდე, სუდანიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციის რამდენიმე გეგმა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩაიშალა.
სუდანში, ხართუმის საერთაშორისო აეროპორტი საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიხურა. რის გამოც უცხო ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საელჩოებმა თავიანთი მოქალაქეები ქვეყნიდან ვერ გაიყვანეს.
დღეს, სუდანის არმიის მეთაურმა აბდელ ფათაჰ ალ-ბუჰრანმა თანხმობა განაცხადა უზრუნველყოს ევაკუაცია უახლოესი საათების განმავლობაში.
სუდანის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის, ამერიკის, საფრანგეთისა და ჩინეთის მოქალაქეებისა და დიპლომატების ევაკუაცია მოხდება სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ხართუმიდან. თუმცა ხართუმის ცენტრში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების გამო, რთული წარმოსადგენია, როგორ განხორციელდება აღნიშნული ევაკუაცია.
ევაკუაციის ორგანიზების შესახებ განაცხადა საუდის არაბეთმაც. არაბული მედიის ინფორმაციით, შაბათს, საპორტო ქალაქ ჯიდაში, სუდანიდან უკვე ჩავიდა საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების რამდენიმე მოქალაქე.
სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება უკვე მეორე კვირაა გრძელდება. იმის მიუხეადავად, რომ მხარეები - არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ შეთანხმდნენ სამდღიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე, სუდანის დედაქალაქში გრძელდება დაპირისპირება. საბრძოლო მოქმედებისას მხარეები აქტიურად ახორციელებენ ავიადარტყმებს.
სუდანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიამ ალ-მაჰდიმ, რომელიც ხართუმში იმყოფება BBC-ის განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეები არ იცავენ. მისი თქმით, ხართუმში, ბოლო 24 საათის განმავლობაში არ არის ელექტროენერგია, წყალი კი დედაქალაქს უკვე 6 დღეა არ მიეწოდება. მისივე თქმით, სამედიცინო ბრიგადები სამხედროების სამიზნეა, ქუჩები კი სავსეა ცხედრებით.