აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას სუდანში ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა არავინ დაშავებულა, – ამის შესახებინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
„გუშინ, ამერიკულ დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს, ყველანი უსაფრთხოდ და უვნებლად არიან“, – განაცხადა ბლინკენმა. მან თავდასხმას „უგუნური, უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი“ უწოდა და თქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჯონ კირბიმ კი განაცხადა, რომ ამჟამად არ იგეგმება ამერიკელი პერსონალის ევაკუაცია სუდანიდან. მან მოუწოდა იქ მყოფ ყველა ამერიკელს, რომ სიტუაციას „სრული სერიოზულობით“ მოეკიდონ.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩს, აიდან ოჰარას თავისივე სახლში, სუდანის დედაქალ ხართუმში თავს დაესხნენ. მას თავდასხმის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.
სუდანში უკვე ოთხ დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი რეაგირების ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს. დაღუპულია 185 ადამიანი, 1 800-ზე მეტი კი დაშავებულია. ხართუმში საჰაერო დარტყმები ხორციელდება, დაპირისპირებული მხარეები მძიმე შეიარაღებას იყენებენ.