საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ბორელი„ტვიტერში“ წერს. მისი ცნობით, ელჩზე თავდასხმა მის რეზიდენციაში მოხდა.
„რამდენიმე საათის წინ, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ საკუთარ რეზიდენციაში. ეს წარმოადგენს ვენის კონვენციის უხეშ დარღვევას. დიპლომატიური დაწესებულებების და პერსონალის უსაფრთხოება არის სუდანის ხელისუფელბის მთავარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, – წერს ბორელი.
სუდანში ევროკავშირის ელჩი ირლანდიელი დიპლომატი, აიდან ოჰარაა.
16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ, ომდურმანში, საჰაერო დარტყმები განახორციელა "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე.
BBC სუდანის ექიმთა კავშირის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია 100 მშვიდობიანი მოქალაქე.