ირანის გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, ის პირები, რომლებიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ მოუწოდებენ, სისხლის სამართლის წინაშე აგებენ პასუხს და განაჩენის გასაჩივრების უფლება არ ექნებათ. იუწყება Reuters
ირანში ქალების ჩაცმულობის გასაკონტროლებლად, საჯარო ადგილებში სათვალთვალო კამერებს ამაგრებენ.
ირანის პოლიციის ინფორმაციით, 15 აპრილის შემდეგ პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს იმ ქალების წინააღმდეგ, რომლებიც ჰიჯაბს არ ატარებენ. რეგულაციის დამრღვევები მიიღებენ გამაფრთხილებელ ტექსტურ შეტყობინებებს.
ასევე, კონტროლის გამკაცრების მიზნით, თეირანის მეტროში სპეციალური ჯგუფი განთავსდება, რომელიც ქალების დრესკოდს გააკონტროლებს. ჰიჯაბის გარეშე ქალი მგზავრები მეტროში არ დაიშვებიან.
გასული წლის სექტემბერში ზნეობის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ირანელი ქალების ნაწილი ჰიჯაბის ტარებაზე უარს აცხადებს. მაჰსა ამინი ჰიჯაბის წესების დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის დარღვევის გამო, პატიმრობის საფრთხის მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, მაღაზიებსა და ქუჩებში ქალების ნაწილი ჰიჯაბის გარეშე დადის.