დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში რუსეთის ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, მათ შორის ორი წლის ბავშვია.
უკრაინული მედიის ცნობით, ნანგრევებში კიდევ ოთხ ადამიანს ეძებენ.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 21 ადამიანი.
14 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რუსეთის ძალებმა ქალაქს სულ მცირე 7 რაკეტა ესროლეს.
დაზიანდა 5 მრავალსართულიანი და 5 კერძო სახლი, სკოლა, დასასვენებლი სახლი, მაღაზია, სამეურნეო ცენტრი და 12 ავტომობილი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის მიერ სლავიანსკის საცხოვრებელი უბნების სასტიკ დაბომბვას, და განაცხადა, რომ ტერორისტი სახელმწიფო სამართლიან სასჯელს მიიღებს.
„ბოროტმა სახელმწიფომ მორიგ ჯერზე აჩვენა თავისი არსი. დღისით ადამიანების მოკვლით, სიცოცხლის განადგურებითა და ნგრევით. ტერორიზმის ყოველი გამოვლინებისთვის დადგება სამართლიანი პასუხისმგებლობა. რუსეთის არც ერთი კვალი ჩვენს მიწაზე არ დარჩება. არც ერთი მტერი დაუსჯელი არ დარჩება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.