ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ასზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებისთვის ეხმარებიან.
აღნიშნული სანქციები მიმართულია იმისკენ, რომ დაასუსტოს კრემლის შესაძლებლობები და პასუხი აგებინონ მათ, ვინც მოსკოვს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება.
ერთ-ერთი მთავარი დარტყმა (ბრიტანეთის ანალოგიურ ქმედებებთან ერთად) მიმართულია მილიარდერ ალიშერ უსმანოვის იმპერიისადმი, რომელიც დაახლოებულია რუსეთის ხელისუფლებასთან და პირადად ვლადიმირ პუტინთან და წარმოადგენს უკრაინაში ომის წარმოებისთვის მთავარ ფინანსურ დასაყრდენს.
სანქციები ასევე უწესდებათ კომპანიებს ჩინეთიდან, თურქეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდებაში.
სანქციების ქვეშ მოყვა ასევე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, რომელიც მდებარეობს ბუდაპეშტში, მაგრამ წარმოადგენს კრემლის მიერ კონტროლირებად ინსტიტუტს, ასევე მისი განყოფილება მოსკოვში და მისი ყოფილი და ამჟამინდელი მაღალი რანგის ხელმძღვანელები.
ამერიკული მხარის განცხადებით, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის მეშვეობით კრემლი ახორციელებს თავის მავნებლურ გავლენას ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთზე. ასევე ბანკი, შესაძლოა, წარმოადგენდეს კორუფციისა და არაკანონიერი დაფინანსების მექანიზმს.