13 დეკემბერს, 13:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკის იურიდიული კონფერენციის კომიტეტის თავმჯდომარე მოსამართლე ჯონ ტუნჰეიმი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თსუ-დან აცნობეს, ნორვეგიულ-ამერიკული ისტორიული ასოციაციის პრეზიდენტი სტუდენტებისა და პროფესორების წინაშე საჯარო ლექციით - „ნაფიცმსაჯულთა სასამართლო" წარსდგება. მოსამართლე საქართველოში ნაფიცმსაჯულთა სასამართლო პროცესის ამოქმედებაზე და მართლმსაჯულების ამ მოდელის პერსპექტივებზე ისაუბრებს.
მოსამართლე ტუნჰეიმი მინესოტას უნივერსიტეტის ჰამფრის ინსტიტუტის კონკორდას კოლეჯის დირექტორთა საბჭოს, მინესოტას იურიდიული სკოლის და ნობელის მშვიდობის ფორუმის წარმომადგენელია, ასევე ამერიკის იურისტთა ასოციაციის დელეგატთა პალატის წევრია.
მოსამართლე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით იმყოფება.