გვჭირდება გარანტია, რომ, ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი დაიცავს ბელარუსს, როგორც თავის ტერიტორიას, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ მინსკში რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოუგუსთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დასავლეთის ქვეყნები არ ასრულებენ ბუდაპეშტის მემორანდუმით ნაკისრ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ბირთვული იარაღის გატანის სანაცვლოდ იყო მიცემული“ - აღნიშნა ლუკაშენკამ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ეს ეხება ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც, კერძოდ, მან ახსენა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
როგორც ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, ასეთ პირობებში მას სურს, უსაფრთხოების სრული გარანტიები მიიღოს რუსეთისგან.
გასულ კვირას ლუკაშენკა რუსეთში იმყოფებოდა, სადაც პუტინს შეხვდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციას მოამზადებდნენ.