9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე უნდა შევიკრიბოთ ყველანი, რათა საბოლოოდ დადგეს საქართველო იმ ლიანდაგებზე, რომელიც ევროპის დიდ ოჯახში შეგვიყვანს და არ მივცეთ „რუსულ ოცნებას“, რომ გადაგვიყვანოს ამ ლიანდაგებიდან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა თელავში განაცხადა.
დღეს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 აპრილის აქციის - “ერთად ევროპაში” კამპანიის ფარგლებში, თელავში, ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარედ აქცია გამართა.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ლაზარე გრიგორიადისი არ იქნებიან თავისუფლები და ვიდრე საქართველო არ გახდება ევროპული ოჯახის წევრი, რასაც მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად უწყობს საბოტაჟს.
„ძალიან ბევრი თქვენგანი 2003 წელსაც კი, 20 წლის წინ იყო „ნაციონალური მოძრაობის“, მიშა სააკაშვილის გვერდით და ებრძოდა მაშინდელ რეჟიმს, სადაც ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება. ასევე ძალიან ბევრ თქვენგანი გნახეთ თბილისში, როდესაც ჩვენს სხვა თანამებრძოლებთან ერთად, ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, როდესაც დაგეშილი სპეცრაზმელების წინააღმდეგ მედგრად იდექით და ასევე საეტაპო გამარჯვებას მივაღწიეთ ჩვენ მაშინ, სადაც არ გავატანინეთ „რუსულ ოცნებას“ თავიანთი „რუსული კანონი“. ბრძოლა გრძელდება, წინააღმდეგობის მოძრაობა კიდევ უნდა გაგრძელდეს, რადგან სანამ მიხელ სააკაშვილი არის ციხეში, სანამ ამ რეჟიმმა ჩათვალა, რომ კლანჭები უნდა გამოაჩინოს და ისეთი მებრძოლი, პრინციპული, თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდა ბიჭი, როგორიც ლაზარეა, ციხეში გამოამწყვდიოს. სანამ ესე იქცევა რეჟიმი, ჩვენი ბრძოლა არ უნდა შეჩერდეს და აუცილებლად ასე იქნება, სწორედ ამიტომ მეგობრებო, ყველას გელოდებით 9 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისში და მომავალშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბევრი წინააღმდეგობის მოძრაობა გვექნება ჩვენ იმისათვის, რომ გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, პირველ რიგში მიშა სააკაშვილი და ნიკა გვარამია და შემდეგ დავამარცხოთ ეს რეჟიმი ყველგან ერთად, რადგან საქართველო ერთხელ და საბოლოოდ გავიდეს სამშვიდობოს და დადგეს იმ ლიანდაგებზე, რომელიც ევროპის დიდ ოჯახში შეგვიყვანს და არ მივცეთ „რუსულ ოცნებას“, რომ გადაგვიყვანოს ამ ლიანდაგებიდან“.- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.