ამ წუთებში, პროფკავშირების სასახლეში ადვოკატთა საერთო კრება მიმდინარეობს.
კრებაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატებს მიმდინარე წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოების ანგარიშს წარუდგენს.
"2010 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის მოხდა ადვოკატების სოციალური დაზღვევა, რაც აქამდე არ გვქონდა. გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ადვოკატთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამის ინფორმაციას აწვდის. ამასთან, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ადვოკატთა განათლების კუთხითაც. ამ მიზნით მათ უამრავი ტრენინგი უტარდებათ", - განუცხადა ხატიაშვილმა ჟურნალისტებს კრების დაწყებამდე.
ამასთან, მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე რეგიონალური ოფისის გახსნა მოხდა.
"ჩვენ კიდევ ვგეგმავთ ასეთი ოფისების სხვადასხვა ქალაქებში გახსნას, მათ შორის უახლოეს მომავალში დაგეგმილია მისი ქუთაისში ამოქმედება", - დასძინა მან.