აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთში გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის დაკავება დაგმო და რუსეთის ფედერაციაში მყოფ ამერიკელებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ უწყება კავშირი იმყოფება The Wall Street Journal-თან და ყველანაირ ძალისხმევას მიმართავს დაკავებული ჟურნალისტის მხარდასაჭერად.
„უმკაცრესად ვგმობთ კრემლის არაერთგზის მცდელობას დააშინოს და დასაჯოს ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები“, - აღნიშნა ბლინკენმა.
ამასთან, მან მოუწოდა რუსეთში მყოფ ამერიკელებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.
ანალოგიური განცხადება გააკეთა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმაც.
„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამერიკელებმა უნდა გაითვალისწინონ აშშ-ის ხელისუფლების გაფრთხილება, და არ იმოგზაურონ რუსეთში. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ ან მოგზაურობენ, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა“, - ნათქვამია მის განცხადებაში.
The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის დაკავების შესახებ ცნობილი 30 მარტს გახდა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი ამერიკული მხარის დავალებით, აგროვებდა ცნობებს, რომელიც შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას, რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საქმიანობის შესახებ.
WSJ ჯაშუშობის შესახებ რუსეთის ბრალდებებს უარყოფს და ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვს.