დეპუტატი გურამ ჩახვაძე სანიტარული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასჯელის იურიდიულ პირზე ან საწარმოზე დაწესებას ითხოვს და არა რიგით ოჯახებზე.
ამის შესახებ "ედპ"-ის წევრმა გურამ ჩახვაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" კანონპროექტის განხილვის დროს აღნიშნა.
"კანონპროექტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დაჯარიმდეს ნებისმიერი გლეხური ოჯახი, რომელიც თუნდაც საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს ყველს ან სხვა პროდუქტს. ამიტომ სანიტარული პირობების დაუკმაყოფილებლობაზე სასჯელი იურიდიულ პირებზე ან საწარმოებზე უნდა იყოს და არა რიგით ოჯახებზე", - აღნიშნა ჩახვაძემ.
დეპუტატის აზრით, ბაზრებს თავად უნდა ჰქონდეთ სანიტარული პირობები უზრუნველყოფილი და ლაბორატორიები მოწყობილი და სანიტარული პირობების დარღვევის გამო 1000 ლარით არა გლეხი, არამედ ბაზრის ადმინისტრაცია დაჯარიმდეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასაკლაოებთან და სოფლის მეურნეობის პროდუქტით მოვაჭრეებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მთავრობის შეთანხმებების დარღვევის გამო შეწყდა.
უმრავლესობის წევრების მხრიდან გამოთქმული შენიშვნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა და აღნიშნა, რომ პარლამენტთან მიღწეული შეთანხმებების ასახვის გარეშე, საკანონმდებლო ორგანო მის განხილვაზე საერთოდ უარს იტყვის.