აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიმართ მიმდინარე გამოძიება „სტალინის რუსეთის საშინელებათა შოუდან არის“. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, რომელიც კვლავ აპირებს პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას, ამომრჩევლებთან შეხვედარზე ტექსასის შტატის ქალაქ უეიკოში განაცხადა.
ტრამპის თქმით, მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები „დასაწყისშივე იყო მხოლოდ ნადირობა კუდიანებზე და ერთმანეთზე მიყოლებული ყალბი გამოძიება“. მან ასევე გააკრიტიკა ამ საქმის პროკურორი.
„2024 არის საბოლოო ბრძოლა, რომელიც მასშტაბური იქნება. თქვენ დამაბრუნებთ თეთრ სახლში, მათი მეფობა დასრულდება და ამერიკა ისევ თავისუფალი ერი გახდება. ამ ცეცხლის გამჩაღებლების შეჩერების ერთადერთი გზა არის თეთრ სახლში დაბრუნება, რომ განვდევნოთ კომუნისტები, მარქსისტები და ყველა მათგანი 2024 წელს, ჩვენ ამას მალე გავაკეთებთ“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
ნიუ-იორკის პროკურატურა ტრამპის წინააღმდეგ იძიებს საქმეს, რომელიც პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსთან სკანდალს უკავშირდება. 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოს, ტრამპის მაშინდელმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს 130 000 დოლარი გაუგზავნა, რათა მას ტრამპთან ურთიერთობის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა. დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა.