უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ საქართველო და მოლდოვა რუსეთის გავლენისგან და თავის ტერიტორიებზე მათი ჯარისგან თავად უნდა გათავისუფლდნენ, უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ქართველებმა უნდა გააკეთონ, ეს უნდა გააკეთონ მოლდოველებმა, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნით“, - განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, ქვეყნები, რომლებზეც რუსეთის ფედერაციას აქვს გავლენა და სადაც რუსეთის ფედერაცია იმყოფება, ვერ განვითარდებიან.
„მაგალითად, მოლდოვა, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას განვითარების პერსპექტივა ექნება, სანამ ის რუსი ოკუპანტისგან არ გათავისუფლდება. საქართველოს მაგალითი. 2008 წელს, როდესაც ეს ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ, მოახდინეს საქართველოს ნაწილის ოკუპაცია - მსგავსი სიტუაციაა. ტერიტორია აბსოლუტურად დანგრეულია, ის ვერ ვითარდება და არ ექნება განვითარების პერსპექტივა, ვინაიდან ასეთ ტერიტორიებზე, სადაც ტერიტორიული დავებია,, ფულს არავინ ჩადებს“, - განაცხადა დანილოვმა.