ამ დღეების განმავლობაში რაც ვიხილეთ, ეს იყო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ძალიან დახვეწილი ტალღა, რომელიც გავრცელდა კანონპროექტის გარშემო, პროექტი ჯერ ქაღალდზეც არ იყო დატანილი, როდესაც რუსულ კანონად დაიბრენდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს როდესაც ვაკავშირებით რუსეთთან, ამით პირდაპირ მტრის ხატი იქმნება.
„სამწუხაროდ, ამ დღეებში ვიხილეთ ისეთი სახის ძალადობა, რომელიც, მე პირადად, არც კი მახსენდება ქართული აქციების ისტორიიდან, როდესაც მოლოტოვის კოქტეილები იქნა გამოყენებული, მათ შორის პარლამენტის შენობაში. მნიშვნელოვანია, საზოგადოება დაფიქრდეს, საიდან მოდის ეს აგრესია აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან და ამას სჭირდება დროული გამიჯვნა, დაგმობა და ანალიზი.
ჩვენ ვნახეთ პოლიტიკოსების ძალიან ცუდი ჩარევა ამ პროცესში. ფაქტობრივად, მათი ორგანიზებით იყო, როცა დაიწყო ძალადობრივი ქმედებები, როდესაც ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა მოუწოდა პარლამენტის პიკეტირებისკენ, რასაც საბოლოო ჯამში, მოჰყვა ძალადობა.
რაც შეეხება თავად აქციას, აქაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვფიქრობ, რაც ვიხილეთ, ეს იყო ძალიან დახვეწილი ტალღა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის, რომელიც გავრცელდა ამ საკითხის გარშემო. ფაქტობრივად, პროექტი ჯერ ქაღალდზეც არ იყო დატანილი, ინიცირებულიც კი არ იყო პროექტი, როდესაც ის დაიბრენდა როგორც რუსული კანონი. ძალიან საინტერესოა, თუკი მიადევნებს მაყურებელი თვალს, ვისგან წამოვიდა, როგორ განვითარდა, ეს ტერმინი როგორ დამკვიდრდა, რა კონტექსტში იყო გამოყენებული, ფაქტობრივად, ზიზღის გამაღვივებელი ტერმინი. ვინაიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რუსეთთან, ამით პირდაპირ ვქმნით მტრის ხატს. მტრის ხატი იქმნება და შესაბამისად, ეს ობიექტი უნდა გახდეს ზიზღისა და სიძულვილის ობიექტი და ამანაც მოგვიტანა საბოლოო ჯამში ის აგრესია, რომელიც ამ აქციაზე იყო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.