ახალგაზრდებმა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის მითი დაამსხვრიეს, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ყველაზე წარმატებული პროტესტი იყო. პროტესტი, რომელიც ქართველმა ხალხმა განახორციელა და გამარჯვებამდე ახალგაზრდებმა მიიყვანა. ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანების პროტესტი არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვიწრო ინტერესებს, არამედ, ყველაზე დიდი "პარტიის", საქართველოსა და ჩვენი ევროპული მომავლის ინტერესებს უკავშირდებოდა. ამ ახალგაზრდებმა და ამ ადამიანებმა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის მითი დაამსხვრიეს. ის, რომ აქამდე ამ ქვეყანას დღის წესრიგს ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა, ეს რეალობა დანგრეულია. ეს რეალობა მისმა აღმატებულებამ, ქართველმა ხალხმა დაანგრია - განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, რომლებმაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს. ამ დღეების განმავლობაში, მათი თავგანწირვით დაიდო შედეგი, რომელსაც ჰქვია არა რუსულ კანონს. ამით ასევე ითქვა არა რუსულ მთავრობას და კი ევროპასა და ევროკავშირს“, - თქვა ხაბეიშვილმა.