პარლამენტის პლენარულ სესიაზე მსჯელობენ, განიხილონ თუ არა დღესვე ე.წ. უცხოეთიის აგენტების შესახებ კანონპროექტის "ამერიკული ვერსია". ეს წინადადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წამოაყენა სხდომაზე.
"გთავაზობთ დავიწყოთ განხილვა აგენტების ამერიკული კანონის და გავაგრძელოთ ხუთშაბათს იმიტომ, რომ მოესწროს, ელემენტარულად. გადახვევებით და რეგლამენტის უხეშად გამოყენებით არ იყოს ჩაშლა," ,- თქვა მდინარაძემ, რასაც დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე.
კანონპროექტის დღესვე განხილვის წინააღმდეგია ოპოზიცია. სესიას არ ესწრებიან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების დიდი ნაწილი, რადგან "ქართული ოცნების" საჯარო განცხადება იყო, რომ ამ პროექტებს ხუთშაბათს, 9 მარტს განიხილავდნენ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა დღის წესრიგი და კანონპროექტების განხილვას დღეს აპირებს. მან მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდა.
„გუშინ საჯარო განცხადება გააკეთა ფრაქციის თავმჯდომარემ, დღეს ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსული კანონის განხილვა მოხდებოდა ხუთშაბათს და ახლა, მალულად, ვირეეშმაკულად გამოაცხადეს, რომ დღის წესრიგი შეიცვლება და ახლა, როცა ამას არავინ ელოდა, დაიწყება რუსული კანონის განხილვა პარლამენტში. სავსეა აქაურობა ძალოვანებით. სიმართლე, ხალხის რეალური ძალა არ დგას ამათ გვერდით და ასეთი ფანდებთ აპირებენ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას. გთხოვთ, ვინც დილით იყავით, დაბრუნდით და ვინც ახლა გვიყურებთ, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ საქართველოს პარლამენტთან“, – განაცხადა ნაცვლშვილმა.