„ბოლო დღეებია საქართველოს პარლამენტში, კონსტიტუციურ ორგანოში, რომელიც ყველაფერს უნდა აკეთებდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უზრუნველყოფისთვის, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის, დაუფარავად, არაკონსტიტუციურად ხორციელდება კანონპროექტების განხილვა, რომელთა ერთადერთი ყველასთვის ნათელი მიზანია მოახდინოს ჩვენი მეგობარი ხალხის, პარტნიორი სახელმწიფოების „გაშავება“, რომლებიც 30 წელია ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან, წარმოადგენენ ჩვენი სუვერენიტეტის მხარდამჭერებს და მათი მოსახლეობა მილიარდობით დოლარით წლების განმავლობაში ეხმარება ჩვენი მოქალაქეების განვითარებას, კეთილდღეობის გაზრდას და ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, უმრავლესობის წევრებს არ აქვთ გამბედაობა მტერს დაარქვან თავისი სახელი, ხოლო მეგობრებს დაუფასონ ამაგი.
„თქვენ ქვეყნის პოლიტიკის ფორმირებას ახორციელებთ არა ხალხის შეურყევი ღირებულებების, ქვეყნის კონსტიტუციური მიზნებიდან გამომდინარე, არამედ უსაფუძვლო შიშის მიხედვით, რომელთა გამოც მთელი ქვეყანა აქციეთ ერთი კაცის პერსონალური უსაფრთხოების და პირადი კეთილდღეობის ინსტრუმენტად. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად ხართ დაუკარგოთ მილიონობით ქართველს შანსი, იცხოვროს ნორმალურ, წარმატებულ ქვეყანაში. თქვენ ვერ შეძელით განსახილველად დაგეყენებინათ ერთადერთი რეალური კანონპროექტი, რომელსაც ამ კონტექსტში შესაძლებელია იხილავდეს ოკუპირებული ქვეყნის პარლამენტი - ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ კანონი. არ შეგიძლიათ და არ გაქვთ ლეგიტიმაცია ღიად, საჯაროდ გააკეთოთ არჩევანი რუსეთსა და მშვიდობას, რუსეთსა და განვითარება, რუსეთსა და ქვეყნის კეთილდღეობას შორის, რადგან იცით, რომ მსგავსი არჩევანის ღიად გაკეთებას მოჰყვება თითოეული თქვენგანის უშუალო პასუხისმგებლობა. ამიტომ ამას აკეთებთ ფარულად, მალვით. ოკუპანტი ქვეყანა მოქმედებს მალულად, ირიბად. ეს კანონები მხოლოდ ინსტრუმენტია რუსული მიზნების მისაღწევად საქართველოში“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.