„სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არაკონსტიტუციური ნაბიჯების გადადგმასაც არ ერიდება, ვეღარ იტანს კრიტიკული აზრის მოსმენას და თავს ესხმის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაზე არიან ორიენტირებული“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე.
მან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე გამახვილა ყურადღება.
„განსაკუთრებით გამოვყოფ საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, რასაც სოფლის მეურნეობა ჰქვია, გასული წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და ასი ათასობით მცირე თუ საშუალო ფერმერმა მიიღო სარგებელი.
არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება გარემოს დაცვის მიმართულებით, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, საგზაო და ინფრასტრუქტურული მიმართულებით, საქართველოს კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია- შენარჩუნებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა მრავალი მიმართულებით.
ყოველივე ამის შემდეგ გინდათ ეს ორგანიზაციები აგენტების რეესტრში შეიყვანოთ და აგენტებად და ჯაშუშებად მონათლოთ.
თქვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი პირდაპირ ანგრევს საქართველოს ევროპულ მომავალს და ამ კანონის მიღების შემთხვევაში არც ერთი ევროპული სახელმწიფოს ხელისუფალს არ ექნება სურვილი ჩვენთან თანამშრომლობისა.
ვიდრე გვიანი არ არის მოგიწოდებთ ყველას, კარგად დაფიქრდით და კარგად გაისიგრძეგანეთ თუ რა დანაშაულს ჩადიხართ თქვენი შვილების და სამშობლოს წინაშე“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.