ბატონო შალვა, როდესაც ამბობთ, რომ უყურებდით იმას, რაც გასულ დღეებში პარლამენტში ხდებოდა, შთაბეჭდილება მიჩნდება, ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა პარლამენტის თავმჯდომარე, – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს.
სალომე სამადაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე სხვანაირად უნდა მოქცეულიყო. „პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„რასაც დღეს თქვენ აკეთებთ, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებაა. ამიტომ გიწევთ ამ უსაფრთხოების ზომების გატარება. უმრავლესობასა და უმცირესობაზე რომ საუბრობთ, როდესაც უმრავლესობის მხარდაჭერით სამარცხვინო კანონის განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში, თქვენ ხართ უმცირესობაში საზოგადოებაში. უმცირესობაში ხართ, რის გამოც ძალადობით გიწევთ ამ კანონის გათრევა პარლამენტში. თქვენ ადგილზე დავფიქრდებოდი. არ ვიცი, აღმოსავლურ ორთაბრძოლებში თუ ერკვევით, მაგრამ არსებობს ასეთი, „აიკიდო“ ჰქვია და რაც უფრო სწრაფად გამოექანება მოწინააღმდეგე, მით უფრო მარტივი ილეთით დაენარცხება ძალიან მწარედ. თქვენ ახლა ამ მდგომარეობაში, გამოქანების პროცესში ხართ და ვაკვირდებით, როდის დაენარცხებით მიწაზე ძალიან მწარედ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.