"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, საკომიტეტო სხდომიდან მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ძალების გამოყენებით გამოიყვანა.
"ფაქტობრივად სუს-ის და სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავთ მოყვანილი და არ იხევენ უკან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. შეშლილი პუტინისტები არიან, ესენი არიან პუტინის თუთიყუშები. ერთი ერთში იმეორებენ იმას, რასაც პუტინი საუბრობდა. არაფერი სხვაობა მათ ლექსიკაში, მათ საუბარში არაა. ანრისა და პუტინის ლაპარაკს შორის განსხვავება არაა, კობახიძესა და პუტინს, ლავროვს, სალავიოვს, მარგარიტა სიმონიანს შორის განსხვავება არაა. კი არ გამოვედით, ფიზიკურად გამოგვაგდეს. 12-მა კაცმა, ე.წ. მანდატურებმა, სუს-მა და ვიღაცებმა გამოგვიყვანეს. მათ შორის, პარლამენტის რუსეთუმე, პუტინისტი დეპუტატები მზად არიან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
გიორგი ბოტკოველის თქმით, პუტინის მონის დავალებით, შემოცვიდნენ მანდატურები, გაურვეველი ხალხი და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ამათ ჰგონიათ, რომ დღეს ჩვენ იქ ვართ 10-15 ოპოზიციონერი დეპუტატი და შეძლებენ, ასე ქვეყნის გარუსებას, არა! აქ იქნება ბევრი ადამიანი! დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ მისცემს იმის საშუალებას, რომ გაიტანონ ეს კანონი და გაარუსონ ქვეყანა. ის რომ ფიზიკურად გაგვისწორდნენ, რამეს კი არ ნიშნავს, მე ფეხს ჩამარტყავენ თუ წიხლს ჩამარტყავენ, არა, ამით ურტყავენ წიხლს საკუთარი შვილების მომავალს, მეტი არაფერი. ანრი ოხანაშვილის დავალებით,
პუტინის მონის დავალებით, შემოცვიდნენ ერთად, როგორც მანდატურები, ისე გაურვეველი ხალხი, ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ოცნების დეპუტატები ფიზიკურად იწევდნენ ჩვენზე", - ამბობს ენმ-ის წევრი გიორგი ბოტკოველი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. პარალელურად აქცია იმართება საკანონმდებლო ორგანოს გარეთ.