აფხაზეთის მთელი პოლიტიკური სპექტრი რუსეთის ფედერაციის ვასალია და ყველა გადაწყვეტილება ამის გათვალისწინებით მიიღება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა აფხაზეთში ე. წ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამი აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეფასებისას განაცხადა.
"ნებისმიერ გადაწყვეტილება, რომელსაც აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი მიიღებს, უკანონოა და სამართლებრივი ძალა არ გაჩნია. ამიტომ მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქცია აღდგება და დევნილები დაბრუნდებიან, უკანონოდ გასხვისებული ქონება კანონიერ მესაკუთრეებს დაუბრუნდებათ. ეს შეიძლება არ მოხდეს მალე, მაგრამ ეს მომავალში აუცილებლად ასე იქნება", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისი შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორეიბზე მცხოვრებლები ხვდებიან, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ფედერაციას მხოლოდ საკუთარი უკანონო ფორმირებებისთვის და საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზებისთვის უნდა, თუმცა აფხაზეთში მოღვაწე მთელი პოლიტიკური სპექტრი რუსული მხარის ვასალები არიან და მათ არაფრის შეცვლის თავი აღარ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთისთვის აფხაზეთში ე. წ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამი აგარაკის (მიუსერაში, გაგრასა და ბიჭვინთაში) რუსეთისთვის კერძო საკუთრებაში გადაცემის ინიციატივით გამოდის.