უკრაინას რუსეთის შიდა კონფლიქტებთან კავშირი არ აქვს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს.
„კრიტიკული ობიექტების აფეთქებები, უცნობი დრონები, რომლებიც რუსეთის რეგიონებს უტევენ; ბანდფორმირებების შეტაკებები; პარტიზანები, რომლებიც დასახლებულ პუნქტებს თავს ესხმიან - ეს ყველაფერი რუსეთის შიგნით {ხელისუფლების მხრიდან} კონტროლის დაკარგვის შედეგია. და ეს ყველაფერი ომის შედეგია... უკრაინას რუსეთის შიდა კონფლიქტებთან კავშირი არ აქვს“, - წერს პოდოლიაკი ტვიტერში.
რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გუშინ ბრიანსკის ოლქში შეაღწიეს უკრაინელმა „დივერსანტებმა“ და ცეცხლი გაუხსნეს მოძრავ ავტომობილს. ამის შემდეგ ინტერნეტით გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო „რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა“.
მანამდე, 1-ელ მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმს „თავს დაესხა“ 10 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც რუსულმა ძალებმა ჩამოაგდეს.
უფრო ადრე, 28 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის ოლქში „გაზპრომის“ კუთვნილი ობიექტის სიახლოვეს უპილოტო საფრენი აპარატი ჩავარდა.
აფეთქებები მოხდა რუსეთის ქალაქ ტუაფსეშიც, რასაც „როსნეფტის“ ნავთობქარხანაში ხანძარი მოჰყვა.
ასევე რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში - ადიღეიში ჩავარდა ლეტალური საფრენი აპარატი.
28 თებერვალს, დღისით, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დაიკეტა პუკლოვოს აეროპორტი „უცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის გამო“.