ამერიკის შეერთებული შტატები დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა ზალპური ცეცხლის მართვადი რეაქტიული სისტემები, რომელთა სროლაც „ჰაიმარსებით“ არის შესაძლებელი, ასევე საბრძოლო მასალა ქვეითთა სამხედრო მანქანებისთვის და ჯავშანტექნიკა გასაშლელი ხიდების დასამონტაჟებლად.
აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი, რომლის შესახებაც ვაშინგტონში 24 თებერვალს განაცხადეს, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო და უპილოტო საფრენ აპარატებს, დრონების საწინააღმდეგო შეიარაღებას, საბრძოლო მასალასა და სხვა აღჭურვილობას მოიცავდა.