ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კველვის ცენტრის (CSIS) შეფასებით, ერთ წელში უკრაინაში რუსეთის დანაკარგმა ყველა ოში, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა თუ რუსული არმია მონაწილეობდა, მიღებულ დანაკარგს გადააჭარბა.
CSIS-ის შეფასებით, უკრაინაში 200-250 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა. მათ შორის დაღუპულია 60-70 ათასი ადამიანი, როგორც რეგულარული არმიიდან, ასევე დაჯგუფება „ვაგნერიდან“, რუსეთის სპეცსმსახურებიდან და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების რაზმებიდან.
უკრაინის გენშტაბის მონაცემები ამ მონაცემებისგან ოდნავ განსხვავდება, უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთმა ომში უკვე 150 ათასამდე სამხედრო დაკარგა. თუმცა CSIS-ის მონაცემებიც კი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი უდიდეს დანაკარგებს განიცდის 1945 წლის შემდეგ მის მიერ წარმოებულ ერთად აღებულ ყველა ომთან შედარებით.
ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში 14-16 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა. ჩეჩნეთის ორივე ომში 12 -15 ათასი, დონბასში, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე - 6-7 ათასი.
დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ უკრაინაში დანაკარგის ტემპი, სხვა კონფლიქტებთან შედარებით, ბევრად მაღალია.
ჩეჩნეთში რუსული არმია თვეში 95-დან 185-მდე სამხედროს კარგავდა, ავღანეთში - 130-145-ს, უკრაინაში კი თვეში 5 000 -5 800 ჯარისკაცს კარგავს.
CSIS-ის ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის სარდლობამ ბევრი სერიოზული შეცდომა დაუშვა, რამაც პირადი შემადგენლობის ასეთი დანაკარგი გამოიწვია.
ომის პირველივე დღეები კრემლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ის არ ელოდა ასეთ წინააღმდეგობას არც უკრაინის შეიარაღებული ძალების და არც მოსახლეობის მხრიდან.
შემდეგ რუსეთი გადავიდა ამოწურვის რეჟიმზე, იმ იმედით, რომ მისი უპირატესობა შეიარაღების მხრივ მაღალი იყო და რომ დასავლეთის დახმარება ადრე თუ გვიან შეწყდებოდა.
თუმცა დასავლეთიდან იარაღის მიწოდება არა თუ შეწყდა, არამედ გაიზადა და რუსეთის არსენალს როგორც ხარისხით, ისე ეფექტურობით მნიშვნელოვნად გადააჭარბა, - აღნიშნულია ანგარიშში.