თბილისის ხელისუფლების მიერ დადგმული მორიგი შოუ, რომელიც საღად მოაზროვნე ადამიანებში მხოლოდ ღიმილისმომგვრელი იქნებოდა, რომ არა ხანდაზმული ქალის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მომხდარ აფეთქებებში ბრალდებული ექვსი ადამიანის დაკავებას.
"ხანდაზმული ქალის გარდაცვალება, საქართველოს სპეცსამსახურების არაპროფესიონალიზმის მანიშნებელია. მსოფლიოში უკვე მიეჩვივნენ საქართველოს დედაქალაქიდან მომდინარ ინფორმაციის ნაკადს, რომელიც ყოველთვის არის "რუსი ოკუპანტების მცდელობა" სიტუაციის დესტაბილიზებისა. ეს ისტორიები კი სულ უფრო და უფრო ნაკლებსარწმუნო ხდება", _ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ - "მიხეილ სააკაშვილის ამ ბოლო გამოგონებას განსაკუთრებით პროვოკაციული ხასიათი აქვს".
"იქ იკვეთება მცდელობა უთანხმოების მარცვალი ჩააგდოს ჩვენსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის", _ ნათქვამია სერგეი ლავროვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ მათთვის ცხადია, რომ - "ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დაწყების წინ საქართველოს პრეზიდენტი კვლავ ცდილობს ყურადღების მიღწევას, თავის თავზე, როგორც "ყველაზე დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს" ლიდერისა, რომლის ხელის შეშლას "ბოროტი ძალები" ცდილობენ. კომენტარი როგორც იტყვიან ზედმეტია", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.