ამერიკის ომის შემსწავლელ ინსტიტუტში (ISW) ფიქრობენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას ვიზიტი ჩინეთში, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს დაეხმაროს რუსეთსა და ჩინეთს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლაში.
ინსტიტუტის მორიგ ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინეთ-ბელარუსის შეთანხმება ვაჭრობის, ინვესტიციებისა და მასშტაბური ერთობლივი პროექტების შესახებ, შესაძლოა, უშუალოდ დაკავშირებული იყოს პეკინის მიერ რუსეთისთვის იარაღის სავარაუდო მიწოდებასთან.
„ლუკაშენკას განცხადება ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, ემთხვევა CNN-ისა და The Washington Post-ის ინფორმაციებს, რომ ამერიკის ხელისუფლების ცნობით, ჩინეთი სერიოზულად განიხილავს რუსეთისთვის უპილოტო საბრძოლო აპრატების, იარაღისა და 122 მმ-იანი და 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების მიყიდვის შესაძლებლობას“, - წერია ანგარიშში.
ინსტიტუტში ფიქრობენ, რომ ლუკაშენკას ვიზიტი ჩინეთში, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მზადებას დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით რუსეთში იარაღის გაგზავნისთვის.
„სავარაუდოდ, რუსმა და ჩინელმა მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის გეგმა ყალბი დოკუმენტებით, რათა თავიდან აირიდონ საერთაშორისო სანქციები. ჩინეთი, შესაძლოა, შეეცადოს გამოიყენოს ბელარუსთან შეთანხმება რათა დამალოს სანქციების რეჟიმის დარღვევა“, - აცხადებენ ISW-ში.