უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავის წინ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ვერ შეათანხმა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
გამოცემის ცნობით, ევროპელმა დიპლომატებმა სანქციების მეათე პაკეტის თითქმის ყველა პუნქტი შეათანხმეს, თუმცა პოლონეთი წინააღმდეგი იყო სინთეტიკური კაუჩუკის იმპორტზე შეთავაზებული შეზღუდვებით. პოლონეთის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები არასაკმარისია.
„ჩვენ არ ვბლოკავთ სანქციებს. ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ სანქციებს ჰქონდეს აზრი“, –განუცხადა გამოცემას ანონიმურობის დაცვით პოლონელმა მაღალჩინოსმა.
პოლონეთი წინააღმდეგია რუსეთის სინთეტიკური კაუჩუკის იმპორტის. ზოგიერთი ქვეყანა იმპორტის სრულ აკრძალვას ითხოვს, თუმცა ევროკომისიის შეთავაზება ითვალისწინებს კაუჩუკის იმპორტზე კვოტების დაწესებას, 560 ათასი მეტრული ტონის დონეზე. პოლონელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეთავაზებული კვოტა ამჟამინდელ იმპორტს აღემატება.
სავაჭრო მონაცემების თანახმად, რუსეთიდან სინთეტიკური კაუჩუკის იმპორტს ბოლო ათწლეულის განმავლობაში აღნიშნული კვოტისთვის არ გადაუჭარბებია.
სანქციების შესათანხმებლად ევროკავშირის ელჩები დღეს დილიდან კვლავ შეიკრიბებიან.
მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სანქციების მეათე პაკეტს ევროკავშირი 24 თებერვლამდე მიიღებდა.