აშშ-ის საელჩო საქართველოსა და რუმინეთში ვიზიტის შესახებ ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და დიკ დურბინის განცხადებებს ავრცელებს.
ამერიკელი სენატორები, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსი წევრი ჯინ შაჰინი და სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი, სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარე დიკ დურბინი საქართველოსა და რუმინეთს 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ ეწვევიან.
ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი შეხვდებიან სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.
„შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმირ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღებას. მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ეს არის ზუსტად ის, რის განხილვასაც ვაპირებ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.
საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს , სწორედ ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მუშაობენ რა ისინი ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნისა და რეგიონში მეტი სტაბილურობის მისაღწევად. ასევე, მოუთმენლად ველი რუმინეთში ჩვენს მოკავშირეებთან შეხვედრას. რუმინეთი ნატო-ს მნიშვნელოვანი წევრია, რომელმაც საგულისხმო როლი ითამაშა უკრაინის ომის ფრონტზე, ხელი შეუწყო რა დასავლური აღჭურვილობის შემოდინებას პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად და ლტოლვილების დასახმარებლად, რომლებიც ძალადობას გაექცნენ. ბევრი რამ არის განსახილველი და ვაფასებ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პირადად ურთიერთობის შესაძლებლობას“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
სენატორ დურბინის თქმით, საქართველომ კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე.
„საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება 2008 წელს, ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებებში – ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში. რუმინეთმაც ახლოდან დაინახა პუტინის სამხედრო დანაშაულების შედეგები მეზობელ უკრაინაში და სიმტკიცე გამოავლინა, როგორც ნატო-სა და ევროკავშირის მნიშვნელოვანმა წევრმა. მოუთმენლად ველი ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის განხილვას და ნატო-ს ჯარებში ვიზიტს იქ ყოფნისას“, – განაცხადა სენატორმა დურბინმა.