უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კრემლის მფარველობის ქვეშ მყოფმა რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ 30 000-ზე მეტი მებრძოლი დაკარგა, მათ შორის 9 000 დაიღუპა. განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
კირბის თქმით, ამ 9 000 მებრძოლიდან დაახლოებით ნახევარი დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ დაიღუპა. მისივე თქმით, ამ რაოდენობის დაახლოებით 90% "ვაგნერმა" რუსეთის სხვადასხვა საპატიმროდან დაიქირავა.
როგორც ცნობილია, "ვაგნერი" თავისი რიგების შესავსებად მნიშვნელოვნად ეყრდნობოდა მსჯავრდებულებს. თუმცა, გასულ კვირას, "ვაგნერის" ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ შეწყვიტა უკრაინაში საომრად პატიმართა დაქირავების პრაქტიკა.
ცოტა ხნის წინ, „ვაგნერმა“ დიდი მსხვერპლი განიცადა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტისთვის გამართულ ინტენსიურ ბრძოლაში.
სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელია რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.
კრემლი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" უკრაინამდე იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.