შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი არ გამორიცხავს მომავალში უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დახმარებას საერთაშორისო კოალიცია დასჭირდება.
ამის შესახებ მან კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმის ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
შვედური წარმოების Gripen-ის ტიპის თვითმფრინავების შესაძლო მიწოდების შესახებ, კრისტერსონმა განაცხადა, რომ „გამორიცხული არაფერია“, მაგრამ მისი თქმით, ამ გზაზე ნაბიჯები საერთაშორისო კოალიციამ უნდა გადადგას.
„უნდა შეიქმნას საერთაშორისო კოალიცია და მან უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯები. ჩვენ აბსოლუტურად გვესმის, რომ უკრაინის შემთხვევაში არ უნდა ვიყოყმანოთ, მაგრამ არსებობს ეროვნული მოსაზრებებიც, როცა ქვეყნები ფიქრობენ, როგორ დაიცავენ თავს, მიწოდება ამაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა შვედეთის პრემიერმა.
ამ კონტექსტში მან იგულისხმა ის, რომ შვედეთმა ფინეთთან ერთად ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა.
„ჩვე სპეციფიკური სიტუაცია გვაქვს, ამიტომ ფრთხილი მიდგომაა საჭირო. ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ამასთან, არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობას“, - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
დღეს, 15 თებერვალს შვედეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შვედეთი უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავს.