მოლდოვის საჰაერო სივრცე 14 თებერვალს დროებით საჰაერო ობიექტის გამო დაიკეტა, რომლის შესახებაც ინფორმაცია კიშინიოვმა უკრაინის ხელისუფლებისგან მიიღო.
ამის შესახებ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დიახ, ეს ან დრონია, ან მოწყობილობა, რომელიც გარკვეულ სიმაღლეზე იმყოფება. ინფორმაცია უკრაინელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს, რუს შემდეგაც ეროვნულმა გვარდიამ მისი იდენტიფიცირება მოახდინა. ინფორმაცია მიაწოდეს ჩვენს რუმინელ კოლეგებსაც, რადგან აღნიშნული ობიექტი სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. სწორედ ამიტომ დაგვჭირდა ეს მოკლე ინტერვალი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გროსუმ.
მას არ დაუზუსტებია საჰაერო ობიექტის წარმოშობა.
„ჩვენს მეზობლად ომი მიმდინარეობს. ის ჩრდილოეთიდან, უკრაინის მხრიდან მოფრინდა. ფხიზლად უნდა ვიყოთ, მუდმივ კონტაქტში უკრაინასთან და რუმინეთთან, რათა თვალი ვადევნოთ მსგავს სიტუაციებს“, - აღნიშნა მან.
გუშინ, 14 თებერვალს, მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის ჩრდილოეთით მეტეოზონდის მსგავსი, უცნობი საფრენი აპარატის აღმოჩენის შემდეგ საჰაერო სივრცე დროებით დახურა.