რუსეთი ზამთრის პერიოდს პირადი შემადგენლობის შევსებისა და გადაიარაღებისთვის იყენებს, რათა გაზაფხულზე განაახლოს შეტევითი მოქმედებები უკრაინში.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონბასში, საბრძოლო მოქმედებები ბახმუტის ირგვლივ კვლავ მძიმეა“, - განაცხადა კირბიმ.
ამასთან, კირბის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყენებს ზამთრის თვეებს, რათა შეავსოს მარაგები, გადაიარაღოს ძალები, შეავსოს პირადი შემადგენლობა და გაზაფხულზე განაახლოს შეტევითი ოპერაციები.
კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-მა და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა ბოლო კვირების განმავლობაში გაზარდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება, „რათა დაეხმარონ მათ {უკრაინელებს} მოემზადონ იმისთვის, რასაც რუსეთი გაზაფხულზე გეგმავს“.
კირბის თქმით, როდესაც ამინდი გაუმჯობესდება, „ბრძოლები, სავარაუდოდ, მეტად სასტიკი იქნება“.