სახალხო ქომაგის ძირითადი მიზანი ხალხის პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი დაცვა იქნება. ამის შესახებ სახალხო წარმომადგენლობითი კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნინო ბურჯანაძემ სახალხო კრების სათათბირო დარბაზის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ჩამოყალიბდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გეგმა, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის იქნება საჭირო.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო დარბაზის შეკრება. დარბაზის სპიკერად არჩეული იქნა გოგი ქავთარაძე. დარბაზი და აღმასრულებელი საბჭო ერთად იმუშავებენ სახალხო ქომაგის ძირითად ფუნქციებზე, რომელიც 25 ნოემბერს მივიღეთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სახალხო კრება უმიზნო აქციების ჩატარებას არ აპირებს. მან აღნიშნა, რომ კრება იმსჯელებს შემდეგ სხდომებზე, თუ როგორ და როდის დაიწყება დაუმორჩილებლობა.
"დაუმორჩილებლობის კომიტეტებმა უნდა გატეხონ ის შიში, რომელიც ხელისუფლების მიმართ აქვს საზოგადოებას. სააკაშვილის ხელისუფლებას სამი ძირითადი ბერკეტი აქვს. ესენია უკონტროლო შავი ფული, მედია და შიში. ჩვენ როცა ამ ყველაფრის განხორციელებას ხელისუფლებას შევუზღუდავთ, ჩვენი ძირითადი მიზნები ხორცშესხმას დაიწყებს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.