საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი საგარეო უწყებას სტუმრობდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დიმიტროვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაც, რომელზედაც მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისეთი აქტუალური საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობა; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დროულად დაწყების მნიშვნელობა; გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ძალაში დროულად შესვლის მნიშვნელობა და ევროკავშირის როლი საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად ფილიპ დიმიტროვი ცოტა ხნის წინ დაინიშნა.