ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ.
ამიერიდან, რუსეთის მოქალაქეებზე გავრცელდება ევროკავშირის სავიზო კოდექსის ზოგადი წესები.
"ვიზების გამარტივების შესახებ შეთანხმება უზრუნველყოფს პრივილეგირებულ წვდომას ევროკავშირში სანდო პარტნიორების მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომით, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმებით, რუსეთმა დაარღვია ეს ნდობა და ფეხქვეშ დაარღვია ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებები. დღევანდელი გადაწყვეტილება არის რუსეთის ქმედებების პირდაპირი შედეგი და კიდევ ერთი დასტური ჩვენი ურყევი ერთგულებისა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ", - თქვა ვიტ რაკუშანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ევროკავშირის სავიზო კოდექსის ზოგადი წესების თანახმად, სავიზო აპლიკაციის მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება. 10-დან 15 დღემდე გაიზრდება საკონსულოების მიერ სავიზო განაცხადების გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული დრო, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ეს დრო 45 დღემდე გაიზარდოს. ამასთან, გამკაცრდება მრავალჯერადი ვიზის გაცემის წესები.
ვიზის განაცხადების წარდგენისას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მოუწევთ დოკუმენტების სრული ჩამონათვალის წარდგენა, ისინი ვეღარ ისარგებლებენ შემცირებული სიით, რაც გათვალისწინებული იყო გამარტივებული რეჟიმის შეთანხმებით.
რეგულაცია სავარაუდოდ გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 9 სექტემბერს. იგი ძალაში შევა მიღების დღიდან და 2022 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდება.