რუსეთი შესაძლოა უფრო ხანგრძლივი და ღრმა რეცესიის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან აშშ-ისა და ევროპის სანქციები საფრთხეს უქმნის ინდუსტრიებს, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკა წლების განმავლობაში ეყრდნობოდა. ამის შესახებ Bloomberg ორშაბათს, 5 სექტემბერს, რუსეთის მთავრობისთვის მომზადებულ შიდა ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
Bloomberg-ის ცნობით, დოკუმენტი, რომელზედაც ოფიციალური პირები და ექსპერტები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ, რათა შეეფასებინათ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ეკონომიკური იზოლაციის რეალური გავლენა, "ასახავს გაცილებით ბნელ სურათს", ვიდრე ეს ჩანს ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებში.
ანგარიშში წარმოდგენილი სამი სცენარიდან ორი აჩვენებს, რომ მშპ-ის ვარდნა 2023 წელს დაჩქარდება და ეკონომიკა ომამდელ დონეს მხოლოდ ათწლეულის ბოლოს ან მოგვიანებით დაუბრუნდება.
"ინერციული" სცენარი ვარაუდობს, რომ ეკონომიკა მომავალი წლის ბოლოს შემცირდეს და 2021 წელთან შედარებით მშპ 8.3 პროცენტით დაეცეს. "სტრესის" სცენარის მიხედვით, მშპ-ს მაქსიმალური ვარდნა 2024 წელს არის მოსალოდნელი - 11.9 პროცენტით ნაკლები გასული წლის მაჩვენებელზე.
ყველა სცენარი ითვალისწინებს სანქციების მზარდ ზეწოლას, რომელსაც, სავარაუდოდ, უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება. რუსეთის ფედერაციის ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ევროპის უეცარმა უარმა შეიძლება ზიანი მიაყენოს კრემლის უნარს, ასაზრდოოს საკუთარი ბაზარი, ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.