ბუენოს აირესში, არგენტინის ვიცე-პრეზიდენტ კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერზე მკვლელობის მცდელობა განხორციელდა.
ინციდენტი კირშნერის სახლთან, მხარდამჭერებთან შეხვედრისას მოხდა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს ახლო მანძილიდან სახეში უმიზნებს, თუმცა გასროლა ვერ მოახერხა, რადგან იარაღმა უმტყუნა.
თავდასხმის მცდელობის შედეგად, ვიცე-პრეზიდენტი არ დაშავებულა.
დაკავებულია 35 წლის ბრაზილიელი მამაკაცი. მისი მოტივები ამ დროისთვის უცნობია.
ბოლო დღეებია, 69 წლის პოლიტიკოსის სახლთან, ასობით მისი მხარდამჭერი იკრიბება, რადგან ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
კრისტინა კირშნერს კორუფციაში დებენ ბრალს. საქმე აღძრულია იმ პერიოდის მოქმედებებთან დაკავშირებით, როდესაც კირშნერი არგენტინის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კირშნერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უვადო აკრძალვა ემუქრება.
ვიცე-პრეზიდენტი კირშნერი ამავდროულად არის არგენტინის სენატის პრეზიდენტი, რის გამოს საპარლამენტო იმუნიტეტით სარგებლობს. მისი დაკავება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თანხმობით არის შესაძლებელი.
კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტია 2019 წლის დეკემბრიდან. 2007-2015 წლებში ის იყო არგენტინის პრეზიდენტი. მანამდე, 2003-2007 წლებში, არგენტინის პირველი ლედი, პრეზიდენტ ნესტორ კირშნერის მეუღლე.
