გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა (OHCHR) გამოაქვეყნა ანგარიში ჩინეთში, სინიანის პროვინციაში უიღურთა უფლებების დარღვევის თაობაზე.
ამ ანგარიშს დიდი ხანი ელოდა საერთაშორისო საზოგადოება და გამოქვეყნების დაგვიანების გამო, არაერთხელ გაისმა ხმამაღალი კრიტიკა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის მიმართ.
"მე ვთქვი, რომ ანგარიშს ჩემი მანდატის დასრულებამდე გამოვაქვეყნებდი და ეს გავაკეთე კიდეც", - განაცხადა მიშელ ბაჩელეტმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.
დოკუმენტი დეტალურად აღწერს რეგიონში უიღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების უფლებების არაერთ დარღვევას, მაგრამ არ არის ნახსენები "გენოციდი" - ბრალდება, რომელსაც შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ახმოვანებენ.
"უიღურთა და სხვა, ძირითადად მუსლიმური ჯგუფის წევრების თვითნებური და დისკრიმინაციული დაკავებების მასშტაბი შეიძლება გაუთანასწორდეს საერთაშორისო დანაშულს, "დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ", - აღნიშნულია ანგარიშში.
"რეგიონში ჩადენილია ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის მთავრობის სტრატეგიის კონტექსტში", - აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები.
ანგარიშში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება ე.წ. "პროფესიული განათლებისა და მომზადების ცენტრებში" მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
"წამების ან არასათანადო მოპყრობის შემთხვევების, მათ შორის იძულებისა და პატიმრობის მძიმე პირობების შესახებ ბრალდებები სარწმუნოა, ისევე როგორც ბრალდებები სექსუალური და გენდერული ძალადობის ცალკეულ შემთხვევებზე", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის ავტორებმა ასევე დაადანაშაულეს ჩინეთი ამ ტერიტორიაზე ქალების იძულებითი სტერილიზაციის პრაქტიკაში.
არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის Human Rights Watch (HRW) და Amnesty International-მა, უკვე განაცხადეს, რომ ეს ანგარიში უნდა იყოს საწყისი წერტილი პეკინთან დაკავშირებით შემდგომი ქმედებებისთვის.
ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაეროს ჟენევის ოფისში მკაცრად დაგმო ანგარიში და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მის გამოქვეყნებას.
ჩინელმა დიპლომატებმა ისაუბრეს "ანტიჩინური ძალების მიერ შეთხზული დეზინფორმაციისა და ტყუილის" კამპანიაზე და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევაზე.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩელეტი პეკინში აპრილში იმყოფებოდა.
ვიზიტის შემდეგ, არაერთმა საერთაშორისო უფლებამდამცველმა ორგანიზაციამ გააკრიტიკა კომისარი ბაჩელეტი. ისინი აცხადებდნენ, რომ ჩინეთში ვიზიტისას ბაჩელეტმა ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო პეკინის "სისასტიკეს". ევროპულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბაჩელეტს აკრიტიკებდა, რომ მან "ვიზიტისას ვერ შეძლო ჩინეთის ხელისუფლების ანგარიშვალდებულების საკითხის მკაფიოდ დაყენება, უიღურთა უფლებების ხელყოფისთვის".
Human Rights Watch-მა კომისრის ვიზიტი შეაფასა, როგორც "კატასტროფული".
კრიტიკის შემდეგ, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მეორე ვადით აღარ იყრის კენჭს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პოსტზე და ვადის ამოწურვამდე გამოაქვეყნებდა ანგარიშს.
ბაჩელეტმა გაეროს უმაღლესი კომისრის თანამდებობა 2018 წელს დაიკავა. მანამდე ბაჩელეტი ჩილეს პრეზიდენტი იყო.
ჩინეთის ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე ანგარიშის მომზადებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა.
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩინეთს ადანაშაულებენ მუსლიმი უიღურების მიმართ იძულებით შრომასა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებში ჩინეთის სინიან-უიღურის რეგიონში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ჩინეთს ბრალს დებენ ასევე სინიანის პროვინციაში მასობრივ დაკავებებსა და წამებაში. იუწყებიან, რომ ამ პროვინციაში ჩინეთმა შექმნა ე.წ. შრომითი ბანაკები, სადაც ასეულ ათასობით უიღურ მოქალაქეებს ამყოფებს.
ჩინეთი უარყოფს, რომ ეს ადგილები საპატიმრო ბანაკებია და მათ ოფიციალურად ხელახალი განათლების ბანაკებს უწოდებს. პეკინი ამტკიცებს, რომ ეს ობიექტები ინტერნირების ბანაკებია და რომ ისინი აუცილებელია ტერორიზმის, სეპარატიზმისა და რელიგიური რადიკალიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.
16 აგვისტოს თანამედროვე მონობის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ტომოია ობოკატას მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბანაკებში დაკავებულ ადამიანებზე განხორციელებული უფლებამოსილების ბუნება და მასშტაბი, მათ შორის გადაჭარბებული მეთვალყურეობა და მძიმე საცხოვრებელი და სამუშაო პირობები, შეიძლება „გაუტოლდეს მონობას, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, რომელიც საჭიროებს შემდგომ დამოუკიდებელ ანალიზს".