საქართველოში დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა - მსვლელობა და აქციები არასამთავრობო და სტუდენტური ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ორგანიზებით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა.
დღის მეორე ნახევარში თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა - აქტივისტებმა უკრაინის უზარმაზარი დროშა თბილისის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაზე, მშვიდობის ხიდზე გადმოფინეს. მათ ასევე შეასრულეს საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები.
19:00 საათიდან უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობები დაიწყო ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.
მსვლელობის მონაწილეებს უკრაინის, საქართველოს, ევროკავშირის დროშები ეპყრათ ხელთ. მსვლელობაზე გაისმოდა შეძახილები "ყირიმი უკრაინაა", "სოხუმი საქართველოა" და სხვა.
თბილისში მსვლელობა პარლამენტის მიმდებარედ დასრულდა, სადაც აქციაში მონაწილე უკრაინის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეებს მადლობა ქართულ ენაზე შეძახილებით - "მადლობა საქართველოს" - გადაუხადეს.
2022 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 31 წელი გავიდა.
ფოტო: ნეტგაზეთი