საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.
„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტზე, მივუსამძიმრო დაღუპულბის ოჯახებს. მძიმეა ჩვენთვის ყველასთვის, მით უმეტეს ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, შსს-სთვის. ექვსი იყო ჩვენი თანამშრომელი, ორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები იყვნენ. უბედური შემთხვევა მოხდა, კადრიც გავიდა ტელევიზიით, ვერმტფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხვდა მისი ვარდნა. ჯერ მეტი არაფერი ვიცით, ექსპერტები იმუშავებენ, რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა, აქედან გამომდინარე, უკვე გვექნება სავარაუდო პასუხი“, – განაცხადა გომელაურმა.
მისივე განცხადებით, პარაპლანით მფრინავებიდან ერთი ქართველი მგზავრი გადარჩა და კლინიკაში გადაჰყავთ, ხოლო მეორე - უცხოელი ტურისტი დაიღუპა.
"რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, გიდასტურებთ, დიდი პრობლემაა. კვირა არ გავა სამაშველო ოპერაცია რომ არ ჩატარდეს, ვერტმფრენის ჩართვა, არის, რა თქმა უნდა, გარდაცვალების ფაქტებიც და ალბათ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არის ძალიან რთული, არ ვიცი რატომ ხდება ამ პარაპლანების აქ ხშირად ჩამოვარდნა, ქარია, ხეობებია ან არ არიან პროფესიონალები. ლიცენზია როგორ გაიცემა, საინტერესოა ყველაფერი და ამას ჩავყვებით აუცილებლად. სანამ ეს არ დამთავრდება, ჩემი აზრით უნდა შეჩერდეს პარაპლანებით ფრენა და უკვე შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პროფესიონალები. ამ დღეების განმავლობაში, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, გაჩერდება", - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.