"ბიჭვინთისთვის" - ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციას გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკის" რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დუმილს აპროტესტებენ.
"რუსეთი აგრძელებს საქართველოს ანექსიას, სურს ბიჭვინთის 186 ჰექტარი მიწა მიითვისოს და დე ფაქტო მთავრობა ჩუქნის პუტინს ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკებს. ამ ფონზე ათი დღის განმავლობაში მთავრობისგან ერთი განცხადებაც არ მოგვისმენია", - განაცხადა აქციის მონაწილე, გიგა ბენიამ.
საქართველოს მთავრობის მესვეურები ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას ამ დრომდე არ გამოხმაურებიან. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 29 ივლისს მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ "ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა არაა საჭირო". ამავე დროს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება "გონივრული პოლიტიკით ქვეყანას გააერთიანებს".
მანამდე ბიჭვინთაში მიმდინარე პროცესებს მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა ბიჭვინთის პროცესები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიად შეაფასა და დაგმო.
შეგახსენებთ, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში 2022 წლის 11 ივლისს დაიწყო განხილვები ბიჭვინთა-მიუსერის აღკვეთილში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის გასხვისებასთან დაკავშირებით. ამ ტერიტორიის გადაცემაზე სოხუმსა და მოსკოვს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ ამ წლის 19 იანვარს გაფორმდა, თუმცა გასაიდუმლოებული გარიგების შესახებ აფხაზურმა საზოგადოებამ შვიდი თვის შემდეგ, ანუ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც პარლამენტში ამ საკითხის განხილვა ღიად დაიწყო.
მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმება ითვალისწინებს სახელმწიფო აგარაკის ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურისთვის საკუთრებაში, ხოლო მიმდებარე 186 ჰექტარი მიწისა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტრის 49-წლიანი იჯარით გადაცემას. ამ პროცესებს აფხაზურ საზოგადოებაში აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა. პროტესტის პასუხად დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთს მეტი ალტერნატივა არ აქვს, რუსეთი მათთვის ერთადერთი ალტერნატივაა, მაშინ როცა „მეზობლებთან“ ომში იმყოფებიან და დასავლეთი მათ არ აღიარებთ.
ფოტო: ფორმულა